ისრაელის ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ისრაელის ეკონომიკა განვითარებული თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა.[1][2][3][4] ქვეყნის სიმდიდრე ისრაელს კეთილდღეობის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესაძლებლლობას აძლევს, ძლიერი თანამედრო სამხედრო ქვეყანაა და მაღალი ტექნოლოგიების სექტორი სილიკონის ველს უწევს კონკურენციას.[1] მსოფლიო ბანკის მონაცემებით ისრაელი 35-ე ადგილზეა „ბიზნესის მარტივად კეთების“ ინდექსის მიხედვით. ისრაელი მესამე ადგილზეა კომპანიების რაოდენობის მიხედვით (აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ).[5] ამერიკულმა კომპანიებმა, როგორებიცაა Intel,[6] Microsoft[7] და Apple,[8][9] თავიანთი ზღვისგადაღმა კვლევითი დაწესებულებები პირველად ისრაელში დააფუძნეს. ისრაელში კვლევითი ცენტრები აქვთ მაღალტექნოლოგიურ მრავალეროვნულ კორპორაციებს, როგორებიც არიან: IBM, Google, Hewlett-Packard, Cisco Systems, Facebook და Motorola.[10]
ისრაელის ეკონომიკის წამყვანი სექტორები მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები და მრეწველობაა. ისრაელის ალმასების მრეწველობის დარგი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. ისრაელის ალმასების დამამუშავებელ ცენტრებზე მსოფლიო ექსპორტის 23.2% მოდის.[11] ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით ღარიბია, რის გამოც ნავთობის, ნედლეულის, დაუმუშავებელი ალმასების და სხვ. მასალების იმპორტზეა დამოკიდებული. ისრაელი მთლიანად იმპორტირებულ ენერგიაზეა დამოკიდებული, თუმცა ქვეყნის სანაპიროზე ბუნებრივი აირის რეზერვების აღმოჩენისა და მზის ენერგიის მრეწველობის განვითარების შედეგად, ენერგიის ეს სექტორები მნიშვნელოვნად ვითარდება.[12]
2010 წლის სექტემბერში ისრაელი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში მიიწვიეს.[13] ისრაელს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს დადებული ევროპის კავშირთან, აშშ-სთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან, მექსიკასთან, კანადასთან, უკრაინასთან, იორდანიასა და ეგვიპტესთან. 2007 წლის 18 დეკემბერს ისრაელი პირველი არალათინოამერიკული სახელმწიფო გახდა, რომელმაც მერკოსურის სავაჭრო ბლოკთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმა.[14]
ისრაელი მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია, განსაკუთრებით ებრაული წარმოშობის ადამიანებისთვის. 2019 წელს ქვეყანას 4.55 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწცია (2 ისრაელელზე 1 ტურისტი).[15][16]