ინტელექტის კოეფიციენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ინტელექტის კოეფიციენტი ანუ IQ (ინგლ. IQ-Intelligence quotient; გერმ. IQ–Intelligenz Quotient) — ქულა, რომელსაც ცდის პირი იღებს ადამიანური ინტელექტის შემფასებელი რომელიმე სტანდარტიზებული ტესტირების სისტემის ერთ-ერთ კითხვარზე მის მიერ გაცემული პასუხების საფუძველზე. ტესტი მეტწილად ლოგიკური შეკითხვებისგან შედგება. შემოკლება IQ შემოტანილი იქნა გერმანელი ფსიქოლოგის, ვილიამ შტერნის მიერ გერმანულ ტერმინზე, "Intelligenz-quotient"-ზე დაყრდნობით. ამ ტერმინით იგი აღწერდა ბავშვების ინტელექტის ტესტირების შედეგების (ქულების) ინტერპრეტაციის სისტემას, რომელიც 1912 წ. გამოაქვეყნა თავის წიგნში. როდესაც თანამედროვე IQ ტესტებს ადგენენ, ნორმალური ნიმუშის მედიანური ქულა განისაზღვრება, როგორც IQ 100 და თითოეული სტანდარტული დევიაცია (SD) ამ ქულაზე მაღლა ან დაბლა განისაზღვრება 15 IQ ქულით უფრო მეტით ან ნაკლებით, თუმცაღა, ისტორიულად ეს კანონზომიერება ყოველთვის დაცული არ ყოფილა. ამგვარი განმარტებით, მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედის IQ-ტესტირების ქულები 85-სა და 115-ს შორის ნაწილდება და მხოლოდ მოსახლეობის დაახლოებით 5% ახერხებს 125-ზე მეტი ქულის დაგროვებას.[1]
კვლევებმა აჩვენა, რომ IQ სიდიდე ასოცირდებოდა იმგვარ ფაქტორებთან, როგორიცაა ავადობა და სიკვდილიანობა, მშობელთა სოციალური სტატუსი და, მნიშვნელოვანწილად, ბიოლოგიურ მშობელთა IQ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაახლოებით ერთი საუკუნეა, რაც იკვლევენ ამ მაჩვენებლის მემკვიდრეობითობის საკითხს, ჯერ კიდევ სადავო რჩება მემკვიდრეობითობის შეფასებების მნიშვნელობა და დამემკვიდრების მექანიზმები.[2]
IQ ტესტირების შედეგები (ქულები) გამოიყენება საგანმანათლებლო მიღწევების, სპეციალური საჭიროებების, სამუშაოზე მოსწრებისა და შემოსავლის პროგნოზირებისათვის. მათ ასევე იყენებენ კვლევებში, რათა შეისწავლონ მოსახლეობის განაწილება შედეგების მიხედვით, ასევე IQ ტესტირების შედეგების (ქულების) და სხვა ცვლადების კორელაციები. IQ ტესტირების შედეგები (ქულები) მე-20 საუკუნის დასაწყისის შემდეგ მრავალი ქვეყნის მოსახლეობისათვის იზრდებოდა დეკადაში სამი ქულის საშუალო სიჩქარით. ამ ფენომენმა ფლინის ეფექტის სახელწოდება მიიღო. ამ ზრდის სუბტესტური მექანიზმების და პატერნების შესწავლა მნიშვნელოვანია ადამიანური ინტელექტის თანამედროვე კვლევისათვის.